ბესარიონ გაბაშვილის (ბესიკის) სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი


ქუთაისთან დაკავშირებულია ბევრი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწის სახელი. მათ შორის, XVIII საუკუნის ცნობილი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი) . 

ერეკლე მეორის კარზე განხეთქილების შემდეგ ბესიკი  იმერეთში გადმოვიდა.  იგი სოლომონ პირველის კარზე მოღვაწეობდა. საცხოვრებლად  გორა აურჩევია- ის ტერიტორია, სადაც დღეს მისივე სახელობის კულტურისა და დასვენების პარკია.   ბესიკი თავისი განათლების წყალობით იმერეთის მეფის დაახლოებულ პირად იქცა და მდივანთუხუცესის მოვალეობას ასრულებდა. მეფეს უსარგებლია მისი დიდი ნიჭითა და განათლებით.  იგი რუსეთის იმპერატორთან გაუგზავნია საელჩოს მეთაურად.  პეტერბურგიდან ბესიკი ჯერ უკრაინაში გადასულა  ( სამხრეთში განლაგებული რუსი ჯარების მთავარსარდლის შტაბში), შემდეგ იმავე შტაბთან ერთად - რუმინეთში, სადაც გარდაიცვალა 1791 წელს. ქუთაისში გაბაშვილის გორაზე დარჩენილა მისი ოჯახი . ნიკო ნიკოლაძე გვატყობინებს: - "XIX საუკუნის პირველ ნახევარში რიონის მარჯვენა მხარეს ქალაქის გორაკ-ბორცვიან ნაწილში სახლობდნენ ბესიკის შვილიშვილები." ქალაქის ამ ნაწილს დღესაც გაბაშვილის გორა ეწოდება, თუმცა აქ შემდგომ პერიოდში დასახლებულან დათეშიძეები, ამიტომ  "გაბაშვილის გორა" "დათეშიძის გორად" იხსენიება.  " საბჭოთა კავშირის პერიოდში დათეშიძეეებს  რეპრესიები  შეხებია,  სახლი ჩამოართვეს და  ქუთაისიდან გაასახლესო."- ასე ყვებიან ადგილობრივები. 
ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებულა. 1930 -იან წლებში აქ დოსააფს მაღალი კოშკი  აუგია, სადაც სამხედრო წვრთნა მიმდინარეობდა,  . 
ეს მაღალი ნაგებობა კავშირგაბმულობის სარელეო ანძად იქცა და დღესაც იგივე მნიშვნელობა გააჩნია. მე-20 საუკუნის 50-იან წ.  აქ  კულტურისა და დასვენების პარკი დაარსებულა, რომლისთვისაც ბესარიონ გაბაშვილის (ბესიკის) სახელი უწოდებიათ. მაშინ არსებული ატრაქციონებიც დაუდგამთ. 1961 წელს პარკი გაუახლებიათ,  მცენარეებიც დაურგავთ და ახალი ატრაქციონებიც შეუძენიათ.  1961 წელს  საბაგირო აიგო, რომელიც "მეფეთა უბანსა" და "გაბაშვილის გორას"  ერთმანეთთან აკავშირებდა. საბაგირო დღესაც აქტიურად მუშაობს.

 2000 წელს  ბესარიონ გაბაშვილის კულტურისა და დასვენების პარკს ინვესტორმა ბადრი კაკაბაძემ ნაწილობრივი  რესტავრაცია ჩაუტარა. განახლდა და დაიდგა თანამედროვე ატრაქციონები. პარკს სრული რეაბილიტაცია 2007 წელს ჩაუტარდა.დღეს  პარკი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. ამჟამად პარკის დირექტორია  კახა კუხიანიძე.







                                                                                                                                                                    










           

Комментариев нет:

Отправить комментарий